„ჯორჯიან მანგანეზი“ საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა
„ჯორჯიან მანგანეზი“ საერთაშორისო კამპანიას – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა. კომპანიის ჩართულობით, დასუფთავების აქციები 18-20 სექტემბერს, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.
დასუფთავების კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები, ასევე, კომპანიის ხელმძღვანელი პირები.
„ჯორჯიან მანგანეზი“, თავის მხრივ, საერთაშორისო კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებს ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს, შეუერთდნენ დაგეგმილ ღონისძიებებს.
აღსანიშნავია, რომ დასუფთავების აქციები, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მცირე ჯგუფებით, რეგიონების სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩატარდება.
„ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვის პოლიტიკა პრიორიტეტულია. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, აქტივობას ახორციელებს. ვთვლი, რომ დასუფთავების მსოფლიო დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია და შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ “მწვანეთა მოძრაობის” გამოწვევა. ვფიქრობთ, ჩვენი ჩართულობით, ერთ პატარა აგურს დავდებთ იმ საერთო და სასარგებლო საქმეში, რაც ეკოლოგიის დაცვას ემსახურება.
ჩვენის მხრივ, მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საარსებო გარემო, გამოვიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, შეუერთდნენ კამპანიას, ამავდროულად კი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი წესები”, – აცხადებს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, რომ დასუფთავების მსოფლიო კამპანია პირველად 1993 წელს აღინიშნა და ერთ-ერთ ყველაზე მასშატაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. საერთაშორისო კამპანიას საქართველო აქტიურად 2010 წლიდან შეუერთდა.
2020 წლის დასუფთავების მსოფლიო კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
საქართველოში აღნიშნული კამპანიის ორგანიზატორები არიან: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და “საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი“.
#ჯორჯიანმანგანეზი #ერთადდავიცვათსაქართველოსეკოლოგია
#დავასუფთაოთმსოფლიო