ფოთის მუნიციპალიტეტმა 9 ავარიული გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი გამოაცხადა
ფოთის მუნიციპალიტეტში ავარიული გზების რეაბილიტაცია იწყება.“რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, მერიამ სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მლნ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში გზის საფარი მოეწყობა 3,4 კმ-იან მონაკვეთებზე – ბესიკის; კოლხეთის; შალვა ამირანაშვილის; ალექსანდრე მოწერელიას; ფაზისის; მემედ აბაშიძის; ქორქიას; ქორქიას ჩიხსა და კოკაიას ქუჩებზე.
„მოსახლეობისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ფოთის მუნიციპალიტეტში გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.ამჯერად ფოთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების პროექტის განხორციელებამ საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. დასრულების შემდეგ, ფოთში აღარ იარსებებს ქუჩა, რომელზეც გზის საფარის პრობლემა გვექნება და მოსახლეობა განახლებული, მოწესრიგებული გზებით ისარგებლებს.ფოთის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მხრივ სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ ტენდერს 4 ქუჩის ( თამარ მეფის, ბერდიანსკის,თავდადებულის, იერუსალიმის) რეაბილიტაციაზე – განაცხადა ფოთის მერმა.}
აღსანიშნავია, რომ ფოთში გრძელდება საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოებიც.დღემდე ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2021 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ათასზე მეტ ადამიანს არსებული პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პარალელურად, ფოთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი 4 ქუჩაზე 7,2 კმ გზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც 8 285 296 ლარი იხარჯება.