მალხაზ თორია: ზუგდიდში გამოკვლეულ 399 ნიმუშიდან covid19 6 პირს დაუდასტურდა
საბერიოს ე.წ. კლასტერი გაფართოვდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული 399 ნიმუშიდან 6 პირს კოვიდინფექცია დაუდასტურდა. 6-ვე მათგანი გალის რაიონის საბერიოს ე.წ კლასტერს ეკუთვნის.
სამეგრელი-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათი გადმოყვანა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დღის განმავლობაში განხორციელდება და ისინი მოთავსდებიან საქართველოში მოქმედ სპეციალიზირებულ კლინიკებში.
“რაც შეეხება მარტვილელ პოლიციელს მისი 7-ვე კონტაქტი მოძიებულია. ყველა მთგანზე აღებულია პისიარ ტესტი. პასუხები ჯერჯერობით უცნობია. ყველა მათგანი გადაყვანილია კარანტინში. პოლიციელი რუხის კლინიკაში გადის მკურნალობას. მედიკოსების ინფორმაციით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის იმყოფება 58 პაციენტი. ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულია კოვიდინფიცირებული ქალბატონი, რომელიც ე.წ. გურიის კლასტერს ეკუთვნის”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს, თორიას თქმით იქ 280-ზე მეტი პირია მოთავსებული.