ტემპერატურა ოთხ მოსწავლეს დაუფიქსირდა – გურიაში სასწავლო პროცესი დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, გარდა ქვედა ბახვისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. როგორც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, საგანმანათლებო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.

“სასწავლო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში მშვიდ ვითარებაში ჩატარდა, ახლა ველოდებით მეორე ცვლის დასრულებას. ყველგან ემორჩილებიან წესებს, სკოლები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ჯერჯერობით რაიმე ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა იმედაშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველ საჯარო სკოლაში 4 ბავშვს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის რესურცენტრის ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე, “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ ამ მოსწავლეებს არ ჰქონიათ საეჭვო კონტაქტები.

“მუნიციპალიტეტის სკოლებში სწავლა განახლდა, მთელი ზაფხული ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ყველაფერი ორგანიზებულად ყოფილიყო. პირველ საჯარო სკოლაში ტემპერატურა დაუფიქსირდა ოთხ მოსწავლეს, ისინი ყველა წესის დაცვით გადაყვანილი არიან საიზოლაციო ოთახში, დავურეკეთ მშობლებს, ჯანდაცვას, ყველა პასუხისმგებელ პირს. პირველადი გამოკითხვით, მათ არ ჰქონიათ შემხებლობა ვირუსიანთან. ამის მიუხედავად, მათ ჩაუტარდებათ ტესტირება, ისინი არ მოსულან სკოლის ტრანსპორტით, თორემ მათ სკოლაში მისვლამდე გაუზომავდნენ სიცხეს. უახლოეს ხანებში გავიგებთ მათ პასუხებს. ესენი არიან საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც მეორე ცვლაში მოვიდნენ. სკოლა ჩვეულებრივ გააგრძელებს სასწავლო პროცესს.
სწავლა დისტანციურად განახლდა ჩხაკაურას და ზოტის სკოლებში, ამ სკოლის პედაგოგებს დაუფიქსირდათ ვირუსი. ვფიქრობთ, რომ 28 სექტემბრიდან იქაც დაუბრუნდებიან სასწავლო ოთახებს, რადგან ამ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება შედეგები. ამ სკოლებში არ ველოდებით მეტ დაინფიცირებულს, რადგან მათი მუშაობა სრული წესების დაცვით მიმდინარეობდა”, – განაცხადა სიხარულიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 25 სკოლიდან, სწავლა მხოლოდ ორ სკოლაში დაიწყო დისტანციურად.

”სწავლა განვაახლეთ, ყველა წესის დაცვით, მხოლოდ ორმა სკოლამ დაიწყო დისტანციურად, ესენია სოფელ ლესის და სოფელ ჩიბათის სკოლები. ლესის სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამჟამად, ლესის სკოლა სოფელ ჩიბათის სკოლის შენობაში ფუნქციონირებს, რადგან მიმდინარეობს ლესის სკოლის სრული რეაბილიტაცია. აქედან გამომდინარე, ორივე სკოლის პედაგოგებს ჩაუტარდათ ტესტირება, ველოდებით პასუხებს, სწავლა პირველი ოქტომბრისთვის ვფიქრობ განახლდება ამ სკოლებში. სხვა მხრივ, ყველა სკოლა მზად შეხვდა, მომზადებული ვართ ყველა საჭირო რესურსით, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, მართალია, ცოტა უჩვეულოა ამ ფორმატში სწავლის დაწყება, მაგრამ ვფიქრობ, წესების დაცვით შევძლებთ ვირუსთან გამკლავებას”, – განაცხადა ჩვენთან საუბარში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ.

გურიაში დისტანციურ რეჟიმში, სასწავლო პროცესი ხუთმა სკოლამ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები