სამეგრელო-ზემო სვანეთის 239 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საჯარო სკოლა იმ 39 სკოლას შორისაა, რომლებმაც „კოვიდ19“ -თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო, საგანმანათლებლო პროცესი უჩვეულო გარემოში დაიწყეს.
რუხის საჯარო სკოლის დირექტორის, გოგი თოდუას განცხადებით, სკოლაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე, სკოლის 650-მდე მოსწავლე ორ ცვლაში ისწავლის.
„რუხის საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი პანდემიიდან გამომდინარე, დაწესებული რეგულაციების დაცვით დაიწყო, სადაც 650-მდე მოსწავლე გვყავს, მათ შორის არიან ოკუპირებული აფხაზეთიდან მოსწავლეები. სკოლაში საგაკვეთილო პროცესი, დაყოფილია ორ ცვლად ისევ და ისევ მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სკოლის შენობის შესასვლელში მოწყობილია დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარებით ხელების დამუშავება ხდება, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და ამის შემდეგ მიდიან ბავშვები საკლასო ოთახში, რაც შეეხება რაიმე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გვყავს ექიმი და ის პირი გადაყვანილი იქნება სპეციალურ, იზოლირებულ ოთახში“, – განაცხადა გოგი თოდუამ.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, კახა ფარცვანიას თქმით, მუნიციპალიტეტის 39 საჯარო თუ კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო. მისივე თქმით, ქალაქის დანარჩენ 12 საჯარო და ექვს კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი პირველ ოქტომბერს დაიწყება.
„იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა დიდია, სკოლები ორცვლიან სწავლებაზე გადადიან, თუმცა დისტანციური სწავლება ყველა სკოლაში დღესვე დაიწყო. მინდა გითხრათ, რომ ყველა პირველკლასელს ნოუთბუქები და სახელმძღვანელოები უკვე გადაეცათ, ხოლო მაღალკლასელებს სახელმძღვანელოები სკოლაში დახვდებათ“,- განაცხადა კახა ფარცვანიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა თოლორაიას განცხადებით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებს, სასწავლო პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყება.
„სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღმზრდელო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, რათა აღსაზრდელები უსაფრთხო გარემოში მივიღოთ“, – განაცხადა ხათუნა თოლორაიამ.
როგორც თოლორაია განმარტავს, ახალ სასწავლო წელს ბაღები განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდებიან.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის განახლება. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჭითაწყარისა და რუხის სოფლებში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სოფელ დარჩელში 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. 2013 წლიდან ზუგდიდში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 29 საბავშვო ბაღში. აშენდა ქალაქის ნომერ მეორე და ახალკახათის საბავშვო ბაღები. ამ ეტაპზე ანაკლიისა და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე, ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს. 18 საბავშვო ბაღში სამზარეულოს, საპირფარეშოების, სანკვანძების, სასწავლო ოთახების, საძინებელი ოთახებისა და გათბობის მოწყობა ხორციელდება. ასე,რომ პრველ ოქტომბერს მზად არის ყველა საბავშვო ბაღი, რომ განვაახლოთ სწვალა“, – განაცხადა თოლორაიამ.
რაც შეეხება ზოგადად, სამეგრელო-ზემო სვანეთს, სასწავლო პროცესი რეგიონის 239 საჯარო თუ კერძო სკოლაში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, დღეს დაიწყო.