ვინც ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მოხვდება, ულამაზეს ბუნებასთან ერთად, ავალიანების განთქმულ მარანში დაგემოვნებული ღვინოების არომატი არასოდეს დაავიწყდება.
აქ ქართული ტრადიციული ღვინის წარმოების ტექნოლოგია ახალთან ისეა შერწყმული, რომ საერთო ჯამში, სრულყოფილ კომბინაციას ქმნის. ეს ის ხიბლია, რომელიც ნებისმიერ ტურისტს ავალიანების მარანში სეზონის ნებისმიერ დროს იზიდავს და სხვადასხვა შეფერილობის ღვინოებში ყოველ ჯერზე სიახლეს აღმოაჩენს.
კორონავირუსის პანდემიის გამო, აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ,,ძმები ავალიანების მარანის“ ფუნქციონირებას ვერ აფერხებს. როგორც ზურაბ ავალიანი განმარტავს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება, თუმცა ოჯახს ბიზნესთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები აქვს და ღვინის ქარხნის მშენებლობის დაწყებას აპირებენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.
ძმები ავალიანების ღვინოს შეძენა, რომლის ძირითადი სახეობა ჩხავერი და ცოლიკოურია, სხვადასხვა სუპერმარკეტებშია შესაძლებელი. ღვინოებით ასევე რესტორნები და კაფე-ბარებიც მარაგდება.