გორში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ გორში გვიან ღამით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, შესაბამისი ხსნარებით დამუშავდა მიწისქვეშა გადასასვლელები, გაჩერებები, სანაგვე ურნები, სკვერები, ტროტუარები, ასევე სავაჭრო ობიექტების, აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიები და სხვა ხალხმრავალი ადგილები.
სადეზინფექციო სამუშაოებს ადგილზე გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი გაეცნო.
„სამუშაოების განახლება კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია. მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათი უმრავლესობა ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. გისურვებთ ჯანმრთელობას!“,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.