84-ე საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში გაიხსნა
84-ე საზოგადოებრივი ცენტრი ასპინძაში იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ გახსნა.
ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ასპინძის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მერვეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურსა და ადიგენში.
ახალგახსნილი ცენტრი ასპინძისა და მიმდებარე სოფლების – დამალის, იდუმალას, ოშორის, რუსთავის, ივერიის, ორგორის, საყუდაბელის, ჭობარეთის, ძველის, ნიჯგორის, საროს, ხიზაბავრის, თოკის, ვარგავის, ფიის, თმოგვის, ნაქალაქევის, მირაშხანის, ხერთვისის, გელსუნდის, ტოლოშის, აწყვიტის, ოთისა და სხვათა – 14 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ასპინძაში იუსტიციიის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის, თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, აიღებს საკადასტრო გეგმას და სხვა. ასპინძის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის –„სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა.
ასპინძის საზოგადოებრი ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.
ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი.
სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურსა და დედოფლისწყაროში გაიხსნა.
საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.