ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დაინფიცირებული მასწავლებლის კონტაქტებიდან კორონავირუსი 10 წლის ბავშვს დაუდასტურდა. ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. ირაკლი შიოშვილის განმარტებით, მატანში 2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავა.
“შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მატანში ორი სკოლა სასწავლო წელს ხვალიდან ვერ დაიწყებს. კოვიდ 19 დაუდასტურდა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეს, რომელიც დაინფიცირებული მასწავლებლის კონტაქტია. მატანის ორივე სკოლა ხვალიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი, არ ვიცით,”- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.
შეგახსენებთ, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის, შესასვლელსა და გასასვლელთან დილიდან სამედიცინო კარავი მოეწყო, სადაც ადგილობრივებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ.
ამ დროისთვის 460 პირის ბიოლოგიური ნიმუშია აღებული.