ბესარიონ სიმონიშვილი შიდა ქართლში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხურვალეთის, შავშვების, კარალეთისა და ვერხვების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულა და მათი პრობლემები მოისმინა.
ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სააგენტო ზრუნავს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული განათლების, თვითდასაქმების და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.