თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბში ოპოზიციის ბრალდებას, ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენებასთან დაკავშირებით, პასუხობენ. მმართველი გუნდის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი პლატონ კალმახელიძე “ნაცმოძრაობის” ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. კალმახელიძე აღნიშნავს, რომ თავად “ნაცმოძრაობის” კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა ცესკოში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებს და მისი თქმით, ჩნდება კითხვა თუ რამდენად მიუკერძოებელი იქნება ამ შემთხვევაში, კომისიების მუშაობა.
“დღეს თურმე ერთ- ერთი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს საარჩევნო კომისიები კომპლექტდება მერის წარმომადგენლებით, ნათესაური კავშირით და გამომდინარე აქედან, ეჭვქვეშ აყენებს, რომ კომისიების მუშაობა იქნება მიუკერძოებელი. მისი მეუღლე, ხათუნა გალდავა, რომელიც მუშაობს ცესკოში ერთ- ერთ მაღალ თანამდებობაზე, ჯერ დაიწყოს თავისი ოჯახის წევრებიდან. მე გიორგის მინდა პირდაპირ კითხვა დავუსვა, მისი მეუღლე ამ პროცესში არის მიუკერძოებელი? როდესაც საუბარია იწყებს სხვაზე, ჯერ დაიწყოს თავისი ახლონათესავებით და ოჯახის წევრებით“,- განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პროცესში ხელისუფლების რაიმე სახის მონაწილეობას ხაზგასმით, გამორიცხავს და ამბობს, რომ არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდება.
“რა თქმა უნდა, მისი ეს ბრალდება მიუღებელია. პროცესი მიმდინარეობს კანონის სრული დაცვით და ასევე წარიმართება არჩენების დღის ჩათვლით. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას “,- აღნიშნა კალმახელიძემ.