თეთრიწყაროში მოსახლეობის სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

მოსახლეობის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიმართულებით, სოფელ ჯორჯიაშვილსა და ბოგვში საუკუნის პროექტი ხორციელდება – მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შედეგად ორი სოფლის 1500- მდე ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი ღირებულება 2 466 323 ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში უკვე მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და შიდა ქსელები, ასევე მრიცხველები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს წყლის დრენაჟის, საქაჩი საქლორატორო ნაგებობების და რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
„ჩვენ ახლა ჯორჯიაშვილი-ბოგვის მასშტაბური პროექტის მიმდინარეობას ვადევნებთ თვალს, ეს არის 2 მილიონ ნახევარი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სატუმბი სადგურების, საქლორატოროს და რეზერვუარების აშენებას. ეს არის 1500 ბენეფიციარზე გათვლილი პროექტი და ოქტომბრის ბოლოს მოსახლეობა ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი სოფლისათვის“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებზე სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველოს მელიორაცია შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ალგეთის წყალსაცავის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, 1 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტი: წყლის დონის საზომი სისტემების, მეტეოროლოგიური სადგურის, ნაგავდამჭერის მოწყობას ასევე, ქვედა ბიეფში წყალსატარის სარქველების რემონტს, საცემენტაციო გვირაბის გაწმენდასა და დაშრობას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით კლიმატის ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა წყლის დებეტი, რის გამოც მოსახლეობას სარწყავი წყალი სპეციალურად შედგენილი გრაფიკის მიხედვით მიეწოდებოდა. ჩატარებული სამუშაოები შედეგად კი, ქვემო ქართლში ათასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები