ოკუპანტებმა ხურვალეთში ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში განაახლეს. როგორც ” რეგიონულ კვირას ” ადგილობრივმა განუცხადა, გუშინ ოკუპანტებმა რკინის ძელების მონტაჟი დაიწყეს, დღეს დილიდან კი მავთულხლართები გააბეს.
” დღეს ისევ გამოჩნდნენ. დილიდან დაიწყეს მუშაობა. გუშინ რკინის ბოძები ჩაყარეს დღეს კიდე როგორც ჩანს ღობეებს ავლებენ”, – განაცხადა ხურვალეთში მცხოვრებმა.
ოკუპანტების მხრიდან მორიგ დესტრუქციულ ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. სუს-ის განცხადებით,
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხივნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას”, – განაცხადეს უწყებაში.