კახეთში 24 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავდა
კახეთის რეგიონში 12 სექტემბრის მონაცემებით, 24 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული, ხოლო რთველის საკოორდინაციო შტაბში 220 ღვინის მწარმოებელი კომპანიაა დარეგისტრირებული.
რეგიონის მასშტაბით, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი 4 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც რთველის აქტიურ ფაზაში შესვლაზე მიუთითებს.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას ის ღვინის კომპანია მიიღებს, რომელიც კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეისყიდის და გადაამუშავებს და შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს არანაკლებ 0,80 ლარს გადაუხდის 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ასევე, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0,30 ლარის ოდენობით გაიცემა.