მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს ისინი ტოვებენ “ქართული ოცნების” რიგებს, – ამის შესახებ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი მანველიძემ “ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა პირის ლუსტრაცია მოხდება, ვინც ბინძური მეთოდებით შეედება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
“აჭარის პარტის ორგანიზაციაში გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციიდან მძიმე ადმინისტრაციული დარღვევების გამო გაშვებული კონკრეტული პირი, თავის რამდენიმე მეგობართან ერთად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აპირებს პოლიტიკური შოუს დადგმას, თითქოს ისინი ტოვებენ “ქართული ოცნების” რიგებს და ცდილობენ, ამით შექმნან ჩვენთან პრობლემების არსებობის ყალბი ილუზია. მათ ასევე ჰქონდათ მცდელობა, ჩვენს რიგებში მოესყიდათ ადამიანები, გადაეხადათ მათთვის საკმაოდ სოლიდური თანხა და სანაცვლოდ, ეს ადამიანები გამოეყენებინათ თავიანთ სცენარში, რაზეც მიიღეს უარი და შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ ეს ინფორმაცია.
ვაფრთხილებთ ყველას, მოვახდენთ ყველა იმ სუბიექტის ლუსტრაციას, ვინც კი შეეცდება ასეთი ბინძური მეთოდებით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება” , – განაცხადა გიორგი მანველიძემ.