კალაძე: თქვენ, ამაყი მოხევეები, მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა როგორც არასდროს, – ამის შესახებ მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ყაზბეგში, მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

კალაძის თქმით, არსებული წარმატებების მიუხედავად, აღნიშნულ რეგიონში ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომელსაც მმართველი გუნდი მომდევნო წლების განმავლობაში „ღირსეულად უპასუხებს“.

„აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ. სამშობლოს სიყვარულთან ერთად აქ, ამ ხეობაში გაზრდილი ადამიანი სიყრმიდანვე ეზიარება თავისუფლებასა და ქრისტიანობას, სხვაგვარად ხომ შეუძლებელიცაა, მით უმეტეს, როცა ღრუბლების სიმაღლეზე გერგეთის სამებიდან საკუთარი თვალით ხედავ ამ ხეობის სილამაზესა და დიდებულებას, რითაც ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ვამაყობთ. თქვენ, ამაყი მოხევეები მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ. ადამიანები, რომელთა დასახასიათებლად მხოლოდ ის ფაქტიც კმარა, რომ სწორედ ამ კუთხის შვილია ყველასათვის საყვარელი, დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. ყველაფერთან ერთად კარგად ვიცი, რომ ჩემს წინაშე დიდად გამრჯე ადამიანები დგანან, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მუდმივად იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ და თქვენ გევრდით თქვენი მთავრობა დგას. დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად შეიცვალა უკეთესობისკენ და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა როგორც არასდროს. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით იმ პროგრამების საშუალებით, რომელიც იყო სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის მიმართულებით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. ამასთანავე, იზრდება თვითმმართველობის ხარისხი და ადგილობრივი ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარების თქვენ წინაშე არსებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს. არსებული წარმატებებისა და წინსვლის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით მომდევნო წლების განმავლობაში ყველა ამ ძალისმევას ჩვენ ღირსეულად ვუპასუხებთ და ყველა პრობლემა მოგვარებადია.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გამარჯვებას. ამას სჭირდება თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა, თანადგომა, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე ხდებოდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმანთ წარმატებული ისტორიები, უნდა გავაძლიეროთ სოფელი, უნდა გავაძლიეროთ გლეხი, უნდა გავძლიეროთ რაიონები, ქალაქები, რათა ერთად შევქმნათ წარმატებული საქართველო. ერთად წარმატებული საქართველოსთვის“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები