ოკუპანტებმა ხურვალეთში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. აღნიშნულ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში განაცხადეს, სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან მორიგ დესტრუქციულ ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
“გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოთხივნილ იქნა უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად დამაზიანებელი ზემოაღნიშნული უკანონო ქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
საოკუპაციო ძალების მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ეცნობება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დესტრუქციული ქმედებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას”, – განაცხადეს უწყებაში.