ოზურგეთის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრი “პატრიოტთა ალიანსისგან” სასაჩუქრე კალათების მიღებას უარყოფს
არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართლიანი არჩევნები” წინადაარჩევნო მონიტორინგის მე-3 შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის თანახმად, ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომლების მსგავსად, ოზურგეთის დრამატული თეატრის და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლებსაც “პატრიოტთა ალიანსის” მხარდაჭერით, სურსათის კალათები გადაეცათ.
ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობენ, რომ ,,პატრიოტთა ალიანსის” სასაჩუქრე კალათები არ მიუღიათ.
“საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას 6 აგვისტოს პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის” სასაჩუქრე კალათების მიღებასთან დაკავშირებით.
ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედურ ანგარიშში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნული პარტიისაგან მიღებული ხუთი სასაჩუქრე კალათის გადაცემის ფაქტი დაადასტურა.
ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა – ვასილ ჩიგოგიძემ ,,გურიანიუსთან” უკვე განაცხადა, რომ სასაჩუქრე კალათები თეატრისა და ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებს არა პარტია ,,პატრიოტთა ალიანსისაგან” არამედ, კულტურის პალატის ხელმძღვანელის – დავით ოქიტაშვილისაგან გადაეცათ.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ექვს აგვისტოს სასაჩუქრე კალათები ჩვენს ხუთ თანამშრომელს კულტურის პალატის ხელმძღვანელის – დავით ოქიტაშვილის ინიციატივით გადაეცათ”, – ნათქვამია ფონკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.