გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დღეს 6-ით გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია გვიდასტურებს: “დღეს დაგვემატა ოზურგეთში 4 შემთხვევა, ლანჩხუთში 2 შემთხვევა. ოზურგეთის შემთხვევები ბათუმში გამართულ ქორწილთან არის დაკავშირებული, ოღონდ ეს კიდევ სხვა შემთხვევაა, სოფელ ბახვის ინფიცირებულის კონტაქტებია. რაც შეეხება ლანჩხუთს, ეს არის გუშინდელი ოზურგეთის ინფიცირებულის კონტაქტები. ლანჩხუთში არ არის ბევრი კონტაქტი, სულ 7 კონტაქტია. ამ დროის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსის სულ 17 შემთხვევა ფიქსირდება. პანიკის საფუძველი არ გვაქვს, წყარო ცნობილია დაინფიცების, მუშაობა და მოკვლევა ადვილია. ხვალისთვის ველოდებით ტესტირების პასუხებს”,- განაცხადა მჟავიამ.
გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ერთი კვირის წინ დადასტურდა, მანამდე, რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებდა.