ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
კოვიდ19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამკაცრდა რეგულაციები და შეზღუდვები.
ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები „თეგეტა მოტორსის“ ავტოპარკში მიმდინარეობს. ყოველის სამუშაო დღის ბოლოს, სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით, ამუშავებენ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, რათა მომდევნო სამუშაო დღეს ამ სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება უსაფრთხო იყოს მგზავრებისთვის.
სადეზინფექციო სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი გაეცნო.
„ მაქსიმალურად ვცდილობთ, მივიღოთ უსაფრთხოების ყველა ზომა და შეძლებისდაგვარად შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით და ლოკაციებზე. მკაცრდება კონტროლი საკოორდინაციო საბჭოს რეგულაციების და რეკომენდაციების დაცვაზე. ჩვენი სამსახურები მუდმივ მონიტორინგს უწევენ ამ პროცესებს.“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
დღესვე, დეზინფექცია ჩაუტარდა იმ საცხოვრებელ კორპუსს, სადაც ცხოვრობენ კოვიდინფიცირებული მოქალაქეები.
სადეზინფექციო სამუშაოები ქუთაისში გაგრძელდება.