ზუგდიდში წყალარინების ინფრასტრუქტურა კიდევ 8 ქუჩაზე მოეწყობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
ამჯერად ზუგდიდში წყალარინების სისტებმის მოწყობა გრძელდება.
ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 19 სექტემბერს დასრულდება.
სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელი ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.
ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და 54 000 ადამიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების სრულად ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სამუშოების დროს დაზიანებული გზების აღდგენა.