შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისში მიმდინარე და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილესთან და ბოლნისის მერთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სოფელ ფარიზში დასრულდა, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო და განახლდა სარწყავი სისტემები. სამუშაოები მიმდინარეობს ქვემო ბოლნისსა და რატევანში – სოფლებში შიდა გზები ეწყობა ისეთ ლოკაციებზე, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე, არასდროს ყოფილა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში კოსტავას ქუჩაზე და მიმდებარე ჩიხებზე განხორციელებული სამუშაოებიც დაათვალიერა, სადაც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად შეიცვალა საცხოვრებელი სახლების ჭიშკრები, ღობეები და დაიგო ქვაფენილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.