დმანისში ახალი სკვერი გაიხსნა
დმანისის მუნიციპალიტეტში, ჩოლოყაშვილის და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, დმანისი-წალკის მაჟორიტართან-კახა ოქრიაშვილთან ერთად დღეს გახსნა.
მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ჩოლოყაშვილისა და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორების გადახურული სივრცე, ბილიკები მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით, გაზონები გამწვანდა, ასევე დეკორატიული ლამპიონები, განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები მოეწყო.
257 573 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
როგორც „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა, სკვერის გაკეთება დმანისელმა ახალგაზდებმა მოითხოვეს.
„დმანისის მუნიციპალიტეტში გავხსენით კიდევ ერთ ახალი სკვერი, რომელიც მოითხოვა ჩვენმა დმანისელმა ახალგაზრდობამ ზუსტად იმისთვის,რომ მათ ჰქონოდათ შესაბამისი სივრცე დასვენებისათვის და გართობისათვის ჰქონოდათ კომფორტული გარემო. თხოვნა იყო 2012-2013 წლებში, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული ან გაურკვეველი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა სკვერის გაკეთება. მე მთხოვეს 2020 წლის დასაწყისში. დაუყონებლივ განვახორციელე ამ პროექტის ტენდერზე გატანა“,- განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.
დმანისის მუნიციპალიტეტში სულ 7 დასასვენებელი სივრცე მოეწყო. როგორც ერთ-ერთი მოსახლე რეგიონულ კვირასთან საუბრისას აცხადებს მათ დიდი ხნის ოცნება აუსრულდათ.
„ისეთი გახარებული ვარ როგორი სიტყვებით ავხსნა არვიცი, რამდენიმე წელიწწადია ჩვენ ამ სკვერს ვნატრობდით. დღეს მე ისეთი მადლობელი ვარ დმანისის მუნიციპალიტეტს. ეს რა გვაღირსეს კიდე ვერ გადმოვცემ, ჩვენ უბანს ეს რა ეღირსა, რაც რომ ჯერ არ გვღირსებია“,- გვითხრა თამილა ნაზღაიძემ.