„პატრიოტთა ალიანსის” ნაჩუქარ ხატს, რომელიც აფხაზებმა უკან დააბრუნეს, ბაგრატის ტაძარში დააბრძანებენ

ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ილორის ტაძარს ცოტა ხნის წინ აჩუქეს, უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა გადმობრძანებული და მას ირმა ინაშვილის განცხადებით, იმერეთში, ბაგრატის ტაძარში დააბრძანებენ.

“ეს ხატი დაბრძანდება ბაგრატის ტაძარში, რომელიც ჩვენი ერთიანობის სიმბოლოა”, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ, მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის ასლან ბჟანიას მრჩეველს, ლაშა საკანიას თანამდებობა დაატოვებინეს.

ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრებმა საკანია სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს.

თანამდებობის დატოვებამდე, 26 აგვისტოს, ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემის მიზნით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები