გოჩა ენუქიძე: ჩვენ მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ მომავალს
რაჭა-ლეჩზუმ-ქვემო სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან, გოჩა ენუქიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს აგრძელებს. ენუქიძე ამჯერად ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. სპორტის, კულტურის სფეროს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ყველა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
“ბატონი გოჩა რაჭველების, სვანების და ლეჩხუმელების დიდი გულშემატკივარია, ამიტომაც, ზუსტად ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ ხვალ, ზეგ. ის მზადაა რეგიონისთვის სამთავრობო გუნდთან ერთად ბევრი კარგი საქმე აკეთოს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ადგილობრივი თემო გოგიძე.
სკოლამდელი აღზრდის სფეროს წარმომადგენლებმა კანდიდატს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
“ჩვენ ყველაფერი მოწესრიგებული გვაქვს – ინფრასტრუქურა, კვება, მაგრამ მთავარ პრობლემად დაბალი ხელფასი გვრჩება”, – ამბობს ბაღის აღმზრდელი ირინა ჩხეტიანი.
გოჩა ენუქიძე “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის საინტერესოა სამთავრობო გუნდის წინასაარჩევნო პროგრამა.
”ადამიანები გვიყვებიან მათ საჭიროებებზე, მიღწევებზე, პრობლემებზე. აინტერესებთ ხვალინდელი კეთილდღეობისთვის რას ვთავაზობთ, ჩვენ, საქართველოს მთავარი სახელისუფლებო პარტია, მათთან ერთად ვგეგმავთ მომავალს”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.