ზუგდიდის სასამართლომ ფოთის ინციდენტში მონაწილე პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, პოლიციელი, რომელმაც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, სამსახურებრივი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. მან სრულად გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა.
საქმე ეხება 2018 წლის 23 ივლისს ფოთში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, ჩასარიცხ აპარატს ერთი პირი ქურდავდა, როდესაც სამართალდამცველები ადგილზე მივიდნენ.
უწყების ვერსიით, პოლიციელი მის დაკავებას შეეცადა, რა დროსაც პირი სამართალდამცველს თავს დაესხა და თავში ბლაგვი საგნით ჭრილობა მიაყენა. პოლიციელმა აღნიშნული პირი თავდასხმის მოგერიების მიზნით დაჭრა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქმეზე ორი გამოძიება მიმდინარეობს. პირველი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილითაა დაწყებული, ხოლო მეორეს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით აწარმოებს.