დიდი იმედი მაქვს ამ არასერიოზულ ადამიანზე საუბარი საქართველოში მალე დასრულდება და თუ ის მაინც გადაწყვეტს, რომ ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ქვეყანაში დაბრუნებასთან და მისი “ნაცმოძრაობის” მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებას.
წულუკიანის შეფასებით, სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელება მოწმობს იმას, რომ “ნაცმოძრაობას” პოლიტიკური რეიტინგი არ გააჩნია.
,,რეალურად, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აქ დარჩენილი ,,ნაციონალური მოძრაობის” და მათი დანაყოფების, “ევროსაქართველოს” და სხვა პარტიების პოლიტიკური მომავალი, კვლავ არის ნულთან ახლოს, იმიტომ, რომ ისინი თავიანთ არქიტექტორს ვერ ელევიან.
ეს არის ადამიანი, რომელიც გაურბის მართმსაჯულებას.
უარი თქვა სამშობლოზე, უარი თქვა მოქალაქეობაზე და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ისინი არიან პრაქტიკულად, პოლიტიკურად გაკოტრებულები და ვერც გეგმავენ, თუ როგორ უნდა იქონიონ საქართველოში რაიმე ტიპის პოლიტიკური მომავალი. სააკაშვილზე ჩამოკიდებული პარტიისთვის რა სახელიც არ უნდა ერქვას მას, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მომავალი ნულის ტოლია. მე არ ვიცი რა გზით აპირებს სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ თუ ის გადაწყვეტს ჩამოსვლას, ჩამობრძანდეს, არ არის პრობლემა. მას რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელოდება, რადგან განაჩენები არსებობს. ეს არ არის არავითარი მუქარა, ეს არის ფაქტი.
დიდი იმედი მაქვს ამ არასერიოზულ ადამიანზე საუბარი საქართველოში მალე დასრულდება და თუ ის მაინც გადაწყვეტს, რომ ჩამობრძანდეს, მას ელოდება დაკავების პროცედურა. ასეთია რეალობა და იმ სასჯელის მოხდა, რომელიც მისჯილი აქვს დამოუკიდებელი ქართული სასამართლოს მიერ”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქვეყნიდან გაქცეული, ყოფილი პრეზიდენტი საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს შეცდომების გამო ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.