თეა წულუკიანი: დედოფლისწყაროში დღეს საბჭოთა ხანას წერტილი საჯაროდ დავუსვით
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში საზეიმოდ გახსნა. დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. აღნიშნული საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების 28 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.
ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით.
,,დედოფლისწყაროში საქართველოს მასშტაბით რიგით 83-ე და კახეთში 13-ე საზოგადოებრივი ცენტრი გავხსენით.
ეს არის შედეგი მასშტაბური საქმიანობის ბოლო რვა წლის მანძილზე, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მთავრობისა და პარლამენტის ხელშეწყობით, ერთი მიზნისთვის გასწია, რომ დედოფლისწყაროში და ყველა ქალაქში, დაბაში თუ დიდ სოფელში, საქართველოში კომფორტულ პირობებში იყოს ხელმისაწვდომი საჯარო სერვისები.
მიხარია, რომ დედოფლისწყაროში დღეს ჩვენ რეალურად საბჭოთა ხანას წერტილი საჯაროდ დავუსვით.
დედოფლისწყაროელებს და გარშემო სოფლების მოსახლეობას აქ კომფორტულ პირობებში ყველა იმ სერვისის მიღება შეეძლება ,რაც იუსტიციის სახლებში გაიცემა და უფრო მეტიც, აქ ლიბერთის და მაგთის მომსახურეობაა”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.