გურიაში 400-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან

დღეს ეპიდომიოლოგებმა, ლაითურში გამოვლენილი შემთხვევის 32 კონტაქტის ბიოლოგიური ნიმუში აიღეს, ასევე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში გამოკვლეულია 350 ადამიანი.  მათი ბიოლოგიური მასალების ნაწილი ოზურგეთში, ნაწილი ქუთაისის ლაბორატორიაში არის გადაგზავნილი და პასუხები დილისთვის გახდება ცნობილი. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა ეროვნული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა.

გურიის რეგიონში ამ დროისთვის კორონავირუსის 4 შემთხვევა არის დაფიქსირებული. აქედან სამი შემოტანილი და ერთი ადგილობრივი შემთხვევა.

“ეს შემთხვევები დაკავშირებულია ბათუმში გამართულ ქორწილთან, პირველი შემთხვევა ამ ქორწილიდან წავიდა ბათუმიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, შემდეგ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში. შემდგომ გამოვლენილი ამ პიროვნების კონტაქტი, სამი თვის ბავშვი და სოფელ ასკანის მკვიდრი, რომელიც ამავე ქორწილში იმყოფებოდა. დღევანდელი გამოვლენილი არის დაბა ლაითურიდან, რომელიც ასევე, ამავე ქორწილში იმყოფებოდა და არის პირველი გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტი. პირველი შემთხვევის კონტაქტებიდან გამოუვლინდა მხოლოდ სამი თვის ბავშვს, დანარჩენები იმყოფებიან თვითიზოლაციაში, 12 დღის შემდეგ მათ განმეორებით ჩაუტარდებათ ტესტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმს”, -განაცხადა არჩილ მჟავიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები