ღვინით ხატვის ხელოვნება -ერთადერთი მხატვარი, რომელიც ნახატებს ქართული ჯიშის ღვინოებით ქმნის

ხელოვნებას ყველა რომ ინდივიდუალურად აღვიქვამთ ახალი არ არის. ერთმა და იმავე ნამუშევარმა შეიძლება თითოეულ ჩვენგანზე სხვადასხვანაირი შთაბეჭდილება დატოვოს. მხატვრობაში ეს ყველაზე კარგად ჩანს. შეიძლება ადამიანმა ისწავლოს ტექნიკის, ხელწერის გარჩევა, მაგრამ ვერ ისწავლის როგორ წაიკითხოს ესა თუ ის ნახატი. “ის უნდა იგრძნო” – არაერთხელ უთქვამთ კულტურის სფეროში მოღვაწე ადმაიანებს. შეგრძნებები კი ყველაზე სუბიექტური და პირადულია. ისევე როგორც, მხატვრის არჩევანი, რითი უნდა შექმნას ისეთი შედევრი, რომ წლებს გაუძლოს.
ზოგი ზეთის საღებავებით ხატავს, ზოგი აკვარელით, ზოგიც უბრალო ფერად ფანქარს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კომპიუიტერული პროგრამები ურჩევნია..
“რეგიონული კვირა”  კი გაგაცნობთ მხატვარს, რომელმაც ტრადიციული საშუალებები გვერდზე გადადო და არც მეტი, არც ნაკლები, ქართული ღვინის სახეობებით დაიწყო ხატვა, თანაც ყოველგვარი ხელოვნური დანამატის გარეშე.

31 წლის თამარ მაღლაფერიძე-დადეშქელიანი საქართველოში ერთადერთი მხატვარია, რომელიც ქართული ღვინით ხელოვნების საუცხოო ნიმუშებს ქმნის.

„ბოლო რამდენიმე წელია, რაც ღვინით დავიწყე ნამუშევრების შექმნა, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ძალიან სასიამოვნო. თემატიკა ძირითადად ტრადიციულია, ქართული  ღვინის რვაათასწლიანი კულტურიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, მხატვარი ვარ, ძირითადად ფერწერის მიმართულებით ვმუშაობ. როგორც ყველა მხატვარს, მეც გამოვიარე სხვადასხვა ეტაპი. ამ შემთხვევაში, სწორედ ღვინით მხატვრობა აღმოჩნდა ჩემთვის ახალი მიგნება და მიმართლება. ვიყენებ საქართველოში დამზადებულ ღვინოებს, რისი უნიკალურობაც თვალსაჩინოა ფერთა გამის მიხედვით, რაც სწორედ ქართული ღვინის ხარისხზეც მიუთითებს“,- ამბობს თამარი .

ახალგაზრდა მხატვარი საკუთარ გამოცდილებას როგორც ქართველ ასევე უცხოელ სტუმრებსაც უზიარებს. ატარებს მასტერკლასებს მოხალისეებისთვის, თუ როგორ შეუძლიათ დახატონ მხოლოდ ღვინით ყოველგვარი ხელოვნური საღებავის გამოყენების გარეშე.

როგორც თამარი “რეგიონულ კვირას” უყვება, ქართველი და უცხოელი ტურისტების მხრიდან ყოველთვის დიდი ინტერესია და განსაკუთრებული ემოციით საბოლოოდ მიღებულ შედეგს ხვდებიან.

მხატვარმა პირველი ნახატი ორი წლის ასაკში შეასრულა. მისი მშობლების მხრიდან გამოწვეულმა ყურადღებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ასაკთან ერთად იზრდებოდა თამარის გამოცდილებაც. დღეს იგი უკვე საოცარ ნამუშევრებს ქმნის. მისი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყანაში, კერძო კოლექციებში ინახება.

მარიამ გიორგაშვილი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები