ჩოხატაურში კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს

ჩოხატაურში კორონავირუსი ერთ პირს დაუდგინდა, როგორც ცნობილია, გოგონა, ე.წ. “დონას” კლასტერიდან არის.

ამჟამად, იმ პირთა მოკვლევა მიმდინარეობს, რომელთანაც აღნიშნულ გოგონას კონტაქტი ჰქონდა: “მიმდინარეობს მოკვლევა კონტაქტების, ჯერ დასრულებული არ არის. ამ დროისთვის 30 მდე პირი არის მოკვლეული, ყველა მათგანი დაკვირვების ქვეშ, თვითიზოლაციაში იმყოფება, რაც შეეხება მათი ტესტების პასუხებს, ხვალ საღამოსთვის იქნება ცნობილი”,- განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა.

დაავადებული პირის კონტაქტები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაშიც, სადაც დღეს ეპიდოლოგიური კვლევა ჩატარდა.
“ოზურგეთში სიმშვიდეა, ბიძის ოჯახში იმყოფებოდა გოგონა, ერთი ღამე გაათია იქ და მეორე დღეს წავიდა. საუბარია 7 ადამიანზე. ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი და კიდევ 4 ახლობელი. ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდა ტესტი და ველოდებით პასუხს”,- განაცხადა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ.

დღემდე, გურია კორონავირუსისგან “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებდა. რეგიონში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები