ლანჩხუთში ახალგაზრდობის სააგენტოს კონკურსში გამარჯვებული პროექტი „პროგრესის გზა“ დაიწყო

ლანჩხუთში ახალგაზრდობის სააგენტოს მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი „პროგრესის გზა“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულიდან 30
14–დან 29 წლამდე ახალგაზრდა იქნება ჩართული, რომლებიც 5 თვიან ტრენინგ კურსს გაივლიან.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ბენეფიციარი ახალგაზრდები საგანმანათლებლო აქტივობებს თავად დაგეგმავენ და განახორციელებენ.

„გვინდა, რომ პროექტმა გაამართლოს მისი სახელწოდება და გახდეს პროგრესის გზაზე სვლის საწინდარი ლანჩხუთის რაიონის ახალგაზრდებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, პროექტის დასრულების შემდეგ მზადაა, პროექტში მონაწილე ახალგაზრდების მიერ წარდგენილი ახალგაზდული პროექტები დააფინანსოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამიდან. აღნიშნული საკითხი, მიგვაჩნია, რომ გაზრდის ახალგაზრდების მოტივაციას და უფრო გაამყარებს მათ სურვილს მუნიციპალიტეტში განახორციელონ ახალგაზრდული საქმიანობა“ – განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, მერი ნუცუბიძემ.

პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახლაგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა, ასევე მათთვის არაფორმალური განათლების გზით ისეთი ცოდნის მიღებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას.

პროექტს ხელმძღვანელობს ტრენერების გუნდი: ლადო აფხაზავას, ქეთევან ებრალიძის, ამირან გიგინეიშვილისა და ოთარ პატიეშვილის შემადგენლობით.

ახალგაზრდობის სააგენტო მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიზნად ისახავს ახალგაზრდული ორგანიზაციების, როგორც ახალგაზრდული სფეროს მთავარი მდგენელის გაძლიერებას, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები