დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში ბულვარის და მისი მიმდებარე ცენტრალური ქუჩების სამუშაოებს ახორციელებს.
დაბა ურეკში ბულვარის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობას.
პროექტის ფარგლებში, დასრულდა ურეკის ბულვარის რეაბილიტაციის პირველი ფაზა, რაც ითვალისწინებდა გარე განათების, ველო-ბილიკებისა და მცირე მოედნებისა და სივრცეების მოწყობას ღია სეზონური კაფეებისთვის და კომერციული ობიექტებისთვის, საპირფარეშოების მშენებლობას. ასევე, დასრულებულია ბულვარის პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და გარე განათების მონტაჟი.
სამუშაოების შესრულების პროცესს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო:. ,,ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს ურეკის ბულვარის მოწყობის სამუშაოებს. სამწუხაროდ, კონტრაქტორი სათანადოდ ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს და ჩვენ რამდენჯერმე მოგვიწია მისთვის მითითების მიცემა. დღესაც ჩვენ ვიმყოფებით მონიტორინგზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს რომ პირველი ფაზით განსაზღვრული სამუშაოები მეტნაკლებად დასრულებულია, თუმცა ხარისხობრივად კმაყოფილი ნამდვილად ვერ დავრჩით. შესაბამისად, ჩვენი დამატებითი ჯგუფი კიდევ შეისწავლის ამ ობიექტს, მიეცემა საბოლოო გაფრთხილება და თუ უახლოეს პერიოდში არ მოხდება აღნიშნული დეფექტების გამოსწორება, მაშინ იძულებული ვიქნებით მივმართოთ შესაბამის სანქციებს“,- აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
პროექტს საქართველოს მთავრობა აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია.