ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი განგაშის საფუძველს არ გვაძლევს

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი განგაშის საფუძველს არ იძლევა.

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ მაია ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ბოლო დღეებში შემთხვევების გარკვეული მატება შეინიშნება. თუმცა, თუ სხვა ქვეყნების საერთო ეპიდემიოლოგიურ სურათთან შევადარებთ, ჯერჯერობით, ეს რაოდენობა მაინც ძალიან დაბალია და სიტუაციას  ,,სტაბილური,, ჰქვია.

ინფიცირების ის 38 შემთხვევიდან, რომელიც ბევრი იყო ამ დღეებში, გავიხსენოთ, რომ უმრავლესობა ერთ წყაროს მიეკუთვნდებოდა. ჯერჯერობით, ამას მაინც ვერ დავარქმევთ უკონტროლო გადაცემას. უკონტროლო გადაცემად მივიჩნევთ იმ სიტუაციას, როცა სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კერა აღმოცენდება ისე, რომ ინფიცირებულების ერთმანეთთან დაკავშირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდება. სამწუხაროდ, ამის რისკი არის. დღესაც არის და ყოველთვის იდგა. ძნელია რაღაც განსაკუთრებული გათვლები, პროგნოზები – როდის მოხდება ეს, შეძლებენ, თუ არა ეპიდემიოლოგები ისევ ლოკალიზებას, თუ ვერა. სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემია არის სრულიად ახალი.  რაიმე ისეთი მექანიზმები , ალგორითმი, ან პროგნოზირების მოდელირების სქემები არ არსებობს, შესაბამისად, პრინციპი არის ერთი, რომ ყოველთვის ვიყოთ ფრთხილად, რა თქმა უნდა, პანიკის გარეშე. დღევანდელი რიცხვები განგაშის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. რაც შეეხება კარანტინის საკითხს – დღეს ამის აუცილებლობა ნამდვილად არ ჩანს, ჩვენ ისიც ვნახეთ, რომ ამ ჩაკეტვებმა საკმაოდ მძიმე შედეგები გამოიღო ბევრისთვის უმუშევრობის თვალსაზრისით, ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იქნება. თუ უკიდურესი აუცილებლობა არ იქნა, ჩემი პირადი აზრია, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა იქნას მიღებული“, – განაცხადა ბუწაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1596 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა.
„28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კლასტერთან დაკავშირებული და, ჯამურად, აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები გახლავთ, 4 პაციენტზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით”, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები