„ევროპული საქართველოს“ წალენჯიხა-აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლელა ქებურიას სახელი, საზოგადოების ნაწილისთვის საკანომდებლო ორგანოში მოსაწამლი აირის გაშვებასთან ასოცირდება. ქებურიას გაღიზიანება, სწორედ ამ საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ – რცხვენია თუ არა ამ საქციელის გამო – გამოიწვია.
„მტკიცებულება ვინ მოგცათ, დაჩი ბერაიამ? რა მტკიცებულება გაქვთ, იმ დღეს იქ რომ ვიყავი? – აბსოლუტურად ვეთანხმები იმ აქტს, რაც იმ დღეს განხორციელდა. იმიტომ, რომ გაცილებით უფრო დიდი ყროლის სუნი იდგა იმ დღეს პარლამენტში. აი, იმ მოსამართლეების დანიშვნის პროცესში, რომელი მოსამართლეებიც განწესდნენ უვადოდ. რატომღაც ჩვენი კოლეგები შეწუხდნენ ხელშესახები დისკომფორტით, აი, სწორედ ასეთი დისკომფორტი უნდა ექმნებოდეთ მათ ყოველ ასეთ გადაწყვეტილებაზე“, – თქვა ლელა ქებურიამ.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჩამოსვლის საკითხს, ქებურია თვლის, რომ სააკაშვილის დევნა არალეგიტიმურია და ის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს.
„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ის რომ არის დევნის ობიექტი ეს არის არალეგიტიმური და ეს არის არასწორი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ის, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს შემდეგ უკვე არსებული ხელისუფლება დევნის და მონსტრებად აცხადებს“, – აღნიშნა ქებურიამ.
რაც შეეხება მეგიზ ქარდავას და ძმები ახალაიების საკითხს, არიან თუ არა ისინი დმნაშავეები, ქებურიას განცხადებით, მათ საზოგადოებამ 2012 წელს გასცა საკადრისი პასუხი ლეგიტიმურად.
„მე, როგორც ზუგდიდელი, არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. აბსოლუტურად არ არის ჩემი კომპეტენცია ვინმეს დანაშაულებზე ვიმსჯელო, ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ. რაც შეეხება პოლიტიკურ განაჩენს, ეს პოლიტიკური განაჩენი 2012 წელს უკვე დადგა და მათ ეს პოლიტიკური გზავნილი ხალხისგან მიიღეს და მინდა გითხრათ – ლეგიტიმურადაც“, – ამბობს ქებურია.