“წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს
“წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილი მოინახულეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “წითელ ჯვარში” განუცხადეს.
მათი თქმით, ჰუმანიტარული მისიის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პატიმრობაში მყოფ მღებრიშვილს ოჯახისგან გაგზავნილი წერილი გადასცეს.
“გიდასტურებთ, რომ ჩვენი ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, მოვინახულეთ ხვიჩა მღებრიშვილი. პატიმრობაში მყოფს ოჯახისგან გაგზავნილი წერილი გადაეცა. ოჯახი ინფორმირებულია თითოეულ დეტალზე. ჩვენი მანდატიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადეს წითელ ჯვარში.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.