რა მოხდა სასტუმრო “ოაზისში” – კოვიდინფიცირებულის გადაადგილების მარშრუტი ცნობილია
ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ერთერთ დამსვენებელს, რომელიც რუსთავის “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგებმა შესაბამისი ზომები მალევე მიიღეს, კვლევები დაიწყეს და სასტუმრო ჩაკეტეს.
“რეგიონულმა კვირამ” სასტუმროს დამსვენებლისგან მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია “ოაზისში” დადასტურებული ინფიცირებულის გადაადგილებისა და მისი კოვიდისტორიის შესახებ.
წყარომ კონკრეტული მიზეზების გამო იდენტიფიცირება არ ისურვა. როგორც ის “რეგიონულ კვირას” უყვება, ინფიცირებული ჯერ სვანეთში იყო, სადაც 2-კვირიანი კარანტინი გაიარა, შემდეგ თანამშრომლებთან ერთად ხულოში იმოგზაურა, საიდანაც ერთერთი მათგანის მამათილის გასვენებაში, თერჯოლაში წავიდა. გასვენებიდან კი კონფერენციაზე დასასწრებად ჩაქვში ჩავიდა.
“როგორც ვიცი, სანამ კონფერენციაზე მივიდოდა, მანამდე სვანეთში 2-კვირიანი კარანტინი გაიარა. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ, თავის თანამშრომლებთან ერთად, ზუსტად არ ვიცი, დაახლოებით 18-20 კაცი იყო, პირდაპირ ხულოში წავიდა, ექსკურსიაზე, საიდანაც ამ ჯგუფმა გადაინაცვლეს თერჯოლაში ერთ-ერთი მათგანის მამამთილის გასვენებაში. ქართველებმა როგორც ვიცით, მოგეხსენებათ, გადაკოცნა და ამბები. 29-ში იწყებოდა კონფერენცია და ამ ჯგუფმა, ვინც თერჯოლაში იყო, დააგვიანა. ჩამოვიდნენ 30-ში.
როგორც თვითონ თქვა რუსთავის “ავერსის” კლინიკის თანამშრომელია. მითხრა, რომ 30-ში ჩამოვიდნენ. ვფიქრობ, ინფიცირებულს ვირუსი ხულოში ან სვანეთში შეხვდა, თუმცა სვანეთში 14-მა დღემ გაიარა, თვითიზოლაციაში იყო. გუშინ საღამოს დაუფიქსირდა ამ გოგოს სიცხე, თვითონ იკონტროლებდა ტემპერატურას, იმიტომ რომ სვანეთში სასტუმროში ვისთან ერთადაც იყო, თავისივე თანამშრომელი, იმას დაუდასტურდა კოვიდინფექცია და ესეც შეშინებული იყო. ამიტომ მალ-მალე იზომავდა სიცხეს. როგორც კი დაუფიქსირდა ტემპერატურა, თვითონ დარეკა 112-ში და გუშინ, ღამის 11 საათზე წაიყვანეს აქედან, ჩვენი სასტუმროდან ცხელების ცენტრში, ბათუმში.
კონფერენციას დაესწრო თუ არა მე არ დამინახავს. ვათვალიერებდი, მაგრამ ვერ ვნახე, გამიკვირდა კიდეც რატო, არ ჩამოდის-მეთქი. შეიძლება უკვე შეუძლოდაც გრძნობდა თავს. კამერები ამოიღეს და ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი, იმას ათვალიერებდნენ დილამდე და 6 ადამიანი დააფიქსირეს იმასთან კონტაქტში და ექვსივე გადაიყვანეს ცხელების ცენტრში. ჩვენთან უკვე პისიარ ტესტირება კეთდება, ყველას გაგვიკეთეს”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” სატუმრობს დამსვენებელი.
წყარო იმასაც ყვება, რომ კოვიდდადასტურებულ ქალი რუსთავის “ავერსის” საავადმყოფოს თანამშრომელია და მას იმ კოლეგებთან ჰქონდა შეხება, რომლებიც ხულოში მოგზაურობის შემდეგ, რუსთავში დაბრუნდნენ და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძეს.
“მას ჰქონდა რუსთავის “ავერსის” ექიმებთან შეხება, იმიტომ რომ ხულოში ექსკურსიაზე იყვნენ ერთად, მერე ნაწილი აქ მოვიდა, ნაწილი რუსთავში დაბრუნდა. ფაქტია, რომ რუსთავის კლინიკა რამდენიმე დღით მაინც უნდა დაიკეტოს, ტესტირებები ჩაუტარდეთ და დეზინფექციაც ჩატარდეს“, – უთხრა “რეგიონულ კვირას” წყარომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით “კოვიდ19”-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დილის მონაცემებით დაინფიცირებულთა რაოდენობა, 24 საათის განმავლობაში 38 იყო, დღის განმავლობაში ამ რიცხვს კიდევ 2 (ერთი ბათუმი-ხელვაჩაურის მიკროავტობუსის მძღოლი, სასტუმრო “ოაზისის” ერთი დამსვენებლი) მიემატა და ჯამში 40 შეადგინა.