სტუდენტური სათათბირო ოზურგეთში – ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტები და სამომავლო გეგმები
სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბირო ოზურგეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ახალგაზრდების განვითარების კუთხით მუშაობს და მათთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის გარანტია.
ორგანიზაცია თავიდან ევროკავშირის სხვადასხვა პროექტში იღებდა მონაწილეობას, “ახალგაზრდობა მოქმედებაში” – ასე ერქვა პროგრამას, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებდა. სხვადასხვა აქტივობა იყო, როგორც მოხალისეობრივი, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროექტები, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ორგანიზაციას ამჟამად ასზე მეტი ახალგაზრდა ჰყავს მოხალისეობრივ პროგრამაში ჩართული საზღვარგარეთ, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც ისინი იძენენ ცოდნასაც, გამოცდილებასაც და ვითარდებიან სხვადასხვა კუთხით.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ გამგეობის თავმჯდომარე ნათია გიგიაძე გვესაუბრება.
“ძალიან მრავალფეროვანი მიმართულებებია, რომელიც მოიცავს ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობას, სხვადასხვა არაფორმალური, თუ ფორმალური განათლების მეთოდების გაზიარებას და დანერგვას, არის ეკოლოგიური მიმართულებები. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რუმინეთში ხორციელდებოდა, ჩვენ გავუშვით გოგონა, რომელიც აუტიზმით დაავადებულ ბავშვებთან მუშაობდა. ეს გოგონა ექსპერტული ცოდნით დაბრუნდა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ძალიან კარგ ადგილას დასაქმდა და კარგ ანაზღაურებას იღებს თავის საქმიანობაში. მისი სურვილი იყო, რომ კონკრეტულად ამ სპეციფიკის ბავშვებთან ემუშავა. ბევრმა უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე, საქმიანობის სირთულიდან გამომდინარე.
ახალგაზრდები მუშაობდნენ მიგრანტებთან, სხვადასხვა სერვისს სთავაზობდნენ მასპინძელ ორგანიზაციებში. ამის პარალელურად ევროპელ ახალგაზრდებსაც ვმასპინძლობდით, რომლებიც როგორც ქალაქის სკოლებს, ასევე სოფლის სკოლებსაც ეხმარებოდნენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამები, რომელშიც სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ. ამ პროექტში არამხოლოდ ოზურგეთელი ახალგაზრდები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩართულები.
არაფორმალური განათლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების ჩართულობა სამოქალაქო აქტივობებში და ა.შ. ძალიან მრავალფეროვანი აქტივობებია, პროგრამა იძლევა იმის საშუალებას, რომ სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთონ პროექტებში. მათთვის ეს დიდი სტიმულია.
სტუდენტურ ახალგაზრდული სათათბიროს შვილობილი ორგანიზაციაა “ევროკლუბი”, კლუბში მოხვედრა მსურველთა სიმრავლის გამო საკმაოდ რთულია:
თავიდან არაფორმალური კლუბები იყო სკოლებში, რომელიც ევროპელმა მოხალისეებმა დააფუძნეს. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ევროპული ფასეულობების პოპულარიზაციაა ახალგაზრდებში. ევროპელი და ქართველი ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, მეგობრობა, ერთობლივი ინიციატივების განხორციელება. ძირითადად ევროპულ ფასეულობებს უკავშირდება.
ეს პროგრამები საშუალებას იძლევა თანატოლებთან ქონდეთ კავშირი, გაცვალონ კონტაქტები, ინგლისური ენის უნარებსაც იმუშავებენ, სამუშაო ენა არის ინგლისური.
“გრძლევადიან პროგრამებში ვინც მონაწილეობდა, ყველა დასაქმდა ძალიან კარგ სამსახურში საქართველოში. დასაქმების კუთხით დიდი პროგრესია. ჩვენი ორგანიზაცია ინფორმაციის გავრცელებასაც უწყობს ხელს, როცა რაიმე ვაკანსიაა, თუნდაც იგივე მოხალისეობრივ პროგრამებში საზღვარგარეთ. ვეხმარებით კანდიდატებს პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად”.
„ევროკლუბსა“ და მის ფუნქციებზე, „საქართველოს ევროკლუბის ალიანსის“ – პროგრამების კოორდინატორი თეონა სადრაძე გვესაუბრება. მისი თქმით, ევროკლუბში მხოლოდ 12 წევრის მიღება იყო შესაძლებელი, რაც ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავს აღნიშნავს, თუმცა ეს წესი სულ ცოტა ხნის წინ შეცვალეს. „ევროკლუბს“ ჰქონდა თავისი წესი, ყოველთვის ჰყავდა 12 ახალგაზრდა გუნდში, 12 სიმბოლურად იყო ევროკავშირის დროშაზე ვარსკვლავების რაოდენობიდან გამომდინარე. სულ ამ რაოდენობის ბავშვებს ვიღებდით. მაგრამ, 2018 წელს, როცა ამ ბავშვების აყვანის დრო იყო, იმდენად კარგი ნაკადი წამოვიდა, მივხვდით, რომ 12 საკმარისი აღარ იქნებოდა. დავიტოვეთ 20 ბავშვი. ამ 20 ბავშვს მეტი სივრცე და გასაქანი სჭირდებოდა, ჩვენმა ორგანიზაციამ – „სტუდენტურ ახალგაზრდულმა სათათბირომ“ და „პროგრესის სახლმა“ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეთმო ამ ბავშვებისთვის ერთიანი სივრცე, ამ სივრცეში მოეწყო ადგილი, სადაც ეს ახალგაზრდები თავისი ტოლებისთვის დაგეგმავდნენ სხვადასხვა აქტივობებს. ეს სივრცე უკვე 2019 წლის სექტემბერში გაიხსნა და ყველანაირად ადაპტირდა. აქ არის სათამაშო კუთხე, კინოკლუბი, გვაქვს ასევე იდეების გენერირების და ინიცირების სივრცე. „ევროკლუბი“ თავის ფუნქციონირებას, უფლებამოსილებას ჩვეულებრივად ახორციელებს. პროექტები, იდეები ყველაფერი „ევროკლუბის“ ეგიდით იგეგმება, ეს არის სივრცე, სადაც მაგალითად სკოლიდან მოდიან, ამ სივრცის გამოყენება შეუძლიათ პრეზენტაციისთვის, სამეცადინოდ, ან შეიკრიბონ უბრალოდ და გაერთონ, ყველაფერია ამ სივრცეში მათთვის, ტექნიკა, უტარდებათ სხვადასხვა სახის ტრენინგები მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ტრენინგები არ არის მხოლოდ „ევროკლუბისთვის“. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ახალგაზრდას, არამარტო ოზურგეთში, სოფლებშიც ჰქონდეთ ამაზე წვდომა. სოფლებიდანაც გვყავს ბავშვები. ყველაზე მორგებული სივრცე გვაქვს, ეს ბავშვები არის ჩვენი სახე.
ამ ბავშვებმა უნდა გაიტანონ ინფორმაცია თავიანთ სოფლებში, ქალაქებში, რომ არსებობს ასეთი სივრცე ოზურგეთში.
თეონას თქმით, ამ ბავშვებმა უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს, რაშიც მათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც დაეხმარა:
„ამ ნაკადის ყველაზე პოპულარული პროექტი, რომელიც ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობით გაიმართა, იყო ფერების ფესტივალი. შარშან ივნისში გაიმართა, ჰქონდათ რამდენიმე, პატარ – პატარა პროექტი. მუდმივად ვთანამშრომლობთ ქალაქის მერიის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან. თუ რამე იდეა გვაქვს, ყოველთვის ცდილობენ, რომ მათი შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეგვიწყონ. პანდემიის გამო, ფართომასშტაბიან პროექტებს ვეღარ ვახორციელებთ.
გურიის ღირსშესანიშნაობებზე გვქონდა ბლოგების სერია, ხუთი ბლოგი გამოვიდა, ვიდეო ბლოგები ჩაწერეს ახალგაზრდებმა.
სამომავლოდ გვინდა, რომ ეს ბავშვები თავიანთ თანატოლებთან მივიდნენ და უთხრან მათ რა შესაძლებლობები აქვთ, რა საჭიროებები აქვთ. რეალურად აქაური ამბები იციან, მაგრამ სოფელში რომ ტრანსპორტის პრობლემაა, ეს ყველასთვის არ არის ცნობილი. გვინდა, რომ ყველამ იცოდეს, რა პრობლემების წინაშე დგას მათი თანატოლები და თვითონ იზრუნონ ამ პრობლემების მოგვარებაზე, არაფორმალური განათლების გზით“ – ამბობს თეონა.
არაფორმალური განათლების მიღებით შენი განათლება ფორმალური ხდება – ევროკავშირი ამას უსვამს ხაზს და „სტუდენტურ – ახალგაზრდული სათათბიროც“ სწორედ ამაში ეხმარება ახალგაზრდებს, რომ განივითარონ ეს უნარები.