თეა ახვლედიანი: უკანონო ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში ატოცში, დვანში, ნიქოზსა და ერგნეთში საოკუპაციო ხაზი მოინახულა, ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. თეა ახვლედიანმა ადგილობრივებისგან მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა და შეკრებილებთან ოკუპაციის ფონზე არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელა. სახელმწიფო მინისტრი ნიქოზის საგანმანათლებლო ცენტრის-ხელოვნების სკოლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნო, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე რვა წელია ფუნქციონირებს, რის შემდეგაც მინისტრი სოფელ ნიქოზის ამბულატორიას ეწვია და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. თეა ახვლედიანი ადგილობრივი მეწარმე-ფერმერის მიერ გაშენებულ ნუშისა და კაკლის ბაღებშიც იმყოფებოდა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არის განლაგებული. სახელმწიფო მინისტრი ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმსაც ესტუმრა და ადგილობრივებსა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„გამყოფი ხაზის გასწვრივ სამუშაო, გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, დღეს ვეწვიეთ გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში ოკუპაციით და მავთულხლართებით ყველაზე დაზიანებულ რამდენიმე სოფელს, სადაც ადგილზე პირადად გავეცანი არსებულ ვითარებას. ვეწვიეთ ატოცს, დვანს, ნიქოზსა და ერგნეთს, სადაც ასევე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას, ვიმსჯელეთ მათ საჭიროებებზე ისევე, როგორც სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე. სამწუხაროა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის ფაქტი სოფელ ყარაფილასთან, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მეტყველებს საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩვენ განვაგრძობთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, მხარდაჭერის კონსოლიდაციის და ამგვარი ქმედებების აღკვეთის მიზნით“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.