პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას მექანიკური დაზიანების ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი

საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ მორიგ განმარტებას აკეთებს.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე დანიშნული კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში, 2020 წლის 31 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა, რაშიც მონაწილეობას ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“ წარმომადგენელი და ოჯახის ადვოკატი იღებდნენ.

„ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი Hyundai Accent-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ. პულტით, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე, დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა როგორც ადგილმდებარეობის, ასევე – ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. რაც შეეხება ავტომობილთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაციას, ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები