ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის (ყოფილი უშიშროების შენობის) და თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – მხატვართა სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ფოთის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროცესს ფოთის მერი – გოჩა კურდღელია მოადგილესთან – კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.
პროექტს ”საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი”, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთნ ერთად ახორციელებს.
უშიშროების ყოფილ შენობაში რეაბილიტაციის შემდეგ მხატვართა სახლი განთავსდება. სახელმწიფო უშიშროების ყოფილი შენობა მოდერნის სტილში შესრულებულ არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენს. შენობა წითელი აგურით არის ნაშენი და გამოყენებულია კირქვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მდიდარია სხვადასხვა არქიტექტურული დეტალით, კონფიგურაციითა და მხატვრული ელემენტებით. შენობის არქიტექტორია ედმუნდ ფრიკიადა და ის ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა.
საქართველოს ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი აფინანსებს ფოთში სამხატვრო სკოლის ისტორიული შენობის რეაბილიტაციას. შენობა უნიკალური არქიტექტურული დეტალებით გამოირჩევა. მისი ავტორიც გერმანელი ედმუნდ ფრიკია. სამხატვრო სკოლა მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა.