გორის მერია: მოვუწოდებთ ოპოზიციას, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და ნუ მიაწოდებენ საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას
გორის მუნიციპალიტეტის მერია “ნაცმოძრაობის” ადგილობრივი ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. საქმე გორში ავტოსადგომის მშენებლობას ეხება.
“კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ნუ შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში და ნუ მიაწოდებენ საზოგადოებას ცრუ ინფრომაციას.
ავტოსადგომის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია, როგორც ძირითადი და დამხმარე შენობების სამშენებლო სამუშაოები, ასევე შიდა და გარე მოსახვითი სამუშაოების 80 %. დარჩენილია მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობისა და შიდა მოსახვითი სამუშაოების მცირე ნაწილი. სამუშაოებს აწარმოებს შპს „თელა“. პროექტისთვის ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 951 000 ლარი იხარჯება. თანხის 50 % უკვე გადარიცხულია სამშენებლო კომპანიის ბალანსზე.
გეგმის მიხედვით სამუშაოები აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. პროექტის შესრულების ვადის გახანგრძლივება არ უკავშირდება რაიმე კანონდარღვევას. აღნიშნული პროექტის შესრულების ვადებზე პანდემიის დროს განხორციელებულმა შეზღუდვებმა იქონია გავლენა.
ნოემბერში, როდესაც გორის მუნიციპალიტეტს ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკუთრებაში გადმოეცემა, ავტოსადგომის მშენებლობა დასრულებული იქნება.
მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ენმ-ს გორის ოფისს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდეს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ან შესაბამის სამსახურს და მოსახლეობას მიაწოდოს ზუსტი ინფრომაცია და არა მათი იმპროვიზებული სიცრუე”, – ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში
ცნობისთვის, გუშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლრბას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ავტოსადგომის მშენობლობისთვის გამოყოფილი თანხის გაფლანგვაში დასდეს ბრალი და საპროტესტო აქცია გამართეს.