ლოპოტას მარმარილოს საბადო გაიხსნა
თელავი-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი, შპს „ჯეო სთოუნი“-ს წარმომადგენელ, ბიზნესმენ – ჯემალ ინაიშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მარმარილოს საბადოს გახსნას დაესწრო.
წლების მანძილზე, ლოპოტას ისტორიულ საბადოზე მაღალი ხარისხის მარმარილოს მოპოვება მიმდინარეობდა, რომელიც ექსპორტზე გადიოდა რუსეთში, ბელგიასა და გერმანიაში.
60-იან წლებში ლოპოტას კარიერი დაიხურა და მარმარილოს მოპოვება აღარ განხორციელებულა. „კომპანია „ჯეო სთოუნმა“ აქტიურად დაიწყო მარმარილოს მოპოვება-დამუშავება.
,,პირველადი მონაცემები ძალიან კარგია, ამოღებული იქნა ძალიან მაღალი ხარისხის სამრეწველო რაოდენობის მარმარილოს ფილები, რომლის დამუშავება უკვე დაწყებულია. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული სამშენებლო ბიზნესისთვის, რადგან აქ წარმოებული მარმარილო გამოირჩევა თავისი საუკეთესო ხარისხით. ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი, არამარტო ქალაქში და დიდ აგლომერაციებში, არამედ ასეთი მოპოვებითი დარგი, სამრეწველო კარიერი მუშაობს და ვითარდება კახეთის რეგიონშიც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ორი თვის ინტენსიური მუშაობის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საბადო არის ძალიან პერსპექტიული, რადგნ ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, მივიღეთ ორი სახის მარმარილო, სახელწოდებით – ლოპოტას მარმარილო შავი და ლოპოტას მარმარილო რუხი. ვიმედოვნებთ, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და იმ ინვესტიციების მეშვეობით, რომელიც აქ განხორციელდება, ჩვენ შევძლებთ, მოვიპოვოთ ძალიან მაღალი ხარისხის მარმარილო, რომელიც გამოყენებული იქნება, არამარტო საქართველოში, არამედ განხორციელდება მისი ექსპორტიც“, – აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.