პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” დღეს ბათუმის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
ბათუმში მმართველი გუნდის სახელით საპარლამენტო არჩევნებზე რესან კონცელიძე იბრძოლებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ტიტე აროშიძე იქნება.
„ჩვენი ე.წ. ოპონენტები ძალიან ხშირად გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენ დავაპაუზეთ ამ ქალაქის, ამ რეგიონის განვითარება. მათ მინდა ვუპასუხო და დავეთანხმო მხოლოდ ერთ რამეში, რომ მართლაც 2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ” მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დააპაუზა და გააჩერა მათი ძალადობა, ბიზნესის ტერორი, მეწარმეების გაკულაკება და დაამკვიდრა ერთადერთი და ყველაზე ღირებული: ადამიანის ღირსება, თითოეული საქართველოს მოქალაქის თავისუფლება და სწორედ ამ ყველაფრის საფუძველზე ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას.
წარდგენას „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.