საქართველოს საპატრიარქოში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ოჯახის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო გარდაცვლილისთვის წესის აგების ნებართვას გასცემს.
“თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.
გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.