“პატრიოტთა ალიანსის” ქსენოფობიური ბანერი აჭარაში – პოლიტიკური შეფასებები
“ქართული ოცნების” საარჩეევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აჭარაში “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერს გამოეხმაურა და პარტიის წევრებს “შმატრიოტები” უწოდა. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა.
ამავე ბანერს, ასევე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა მმართველი გუნდის ერთერთი ლიდერი მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, ეს “რუსული დაკვეთაა”.
„სიმართლე გითხრათ, თავიდან “ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ – წერს მამუკა მდინარაძე ფეისბუქში.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ამბობენ, რომ მათთვის “პატრიოტთა ალიანსის” ქმედება გაუგებაარია და ფაქტს გმობენ.
“ეს ჩემთვის სრულად გაუგებარია, რატომ გააკეთა პატრიოტთა ალიანსმა მსგავსი ბანერები, ეს ფაქტი დასაგმობია და მოვუწოდებთ მათ დროული რეაგირებისკენ. სავარაუდოდ ეს არის მათ მიერ ნაქირავები სივრცე და ხელისუფლება სარეკლამო სივრცეებს ვერ აკონტროლებს, მტავარი ის კი არ არის რატომ ვერ მოხდა აღკვეთა მსგავსი ფაქტის, არამედ ის რომ აჭარა გაუგებარ კონტექსტშია ნახსენები”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ლადო მგალობლიშვილმა.
“პატრიოტთა ალიანსის” ერთერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი კი ამბობს, რომ თურქეთის მხრიდან აჭარაში ხდება იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპანსია და ეს ქმედებები მზარდია. მისი განმარტებით, მათი ბანერიც სწორედ ამაზე ყურადღების გამახვილებას ემსახურება.
„ბანერი ამ ფორმით იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ აქცენტი კეთდება ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რაზეც ვსაუბრობთ უკვე ბოლო ათი წელია. ეს არის აჭარაში იდეოლოგიური და ეკონომიკური ექსპანსია, სწორედ ამაზე ვაკეთებთ აქცენტს. ბანერი გადმოსცემს, რა პრობლემებია დღეს აჭარაში. მკაფიოდ ვამბობ, აჭარაში ხორციელდება თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია. ეკონომიკურ ექსპანსიაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველა მნიშვნელოვანი ნაგებობა და ბიზნეს დაწესებულებები, კომპანიები აჭარაში ეკუთვნის თურქეთის მოქალაქეებს, თურქ ბიზნესმენებს. თურქეთის სახელმწიფო აჭარაში ხსნის წამგებიან ბიზნესებს იმისთვის, რომ იქ მოიკიდოს თურქულმა ბიზნესმა ფეხი და აჭარაში ვერა და ვერ გაიხარა ქართულმა ბიზნესმა. როცა ვსაუბრობ იდეოლოგიურ ექსპანსიაზე და ეს აქცენტირებაა ამ პლაკატზე გაკეთებული, აქ ვგულისხმობ მარტივს მაგალითს: აჭარაში გახსნილია თურქული ბაღი, სკოლა, რომელიც არ ექვემდებარება საერთოდ საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს განათლების სტანდარტებს.
კიდევ ბევრი საფრთხე და გამოწვევაა აჭარაში და ამ პლაკატით სწორედ ამ თემაზე გვინდა, რომ მივაპყროთ ყურადღება და საზოგადოებამ მიაპყროს ყურადღება. ჩვენ გვახსოვს დავით-ოღლუს, ერდოღანის განცხადებები; ისინი საუბრობენ ახალ ოსმალეთის იმპერიაზე. არის მთელი რიგი რუკები, სადაც იგივე აჭარა, გურია სამცხე-ჯავახეთი მოქცეულია ახალი ოსმალეთის ფარგლებში. ძალიან ბევრი გამოწვევაა დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო. მკაფიოდ ვხედავთ აჭარაში თურქეთის ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსიის ნიშნებს. ამ წლების განმავლობაში ეს ექსპანსია კიდევ უფრო გაძლიერდა, ამიტომ ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ – დიახ, უნდა დავიცვათ აჭარა და დიახ, უნდა დავიცვათ საქართველო“, – განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“