სოფელ ფარცხისში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხისში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 055 527 ლარს შეადგენს.
“პროექტის მიხედვით, 1370 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, ეზოს დარჩენილი ნაწილი კი გამოყენებული იქნება გასართობი მოედნების, ატრაქციონებისა და სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად.აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
ახალი საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულია: საძინებელი და სათამაშო ოთახების, გასახდელების, ბუფეტის, საკუჭნაო ოთახის, დარბაზის, პროდუქტების შესანახი ოთახის, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი ოთახის, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბის და ასევე საქვაბე ოთახის მოწყობა.
პროექტი ითვალისწინებს საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას, გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (ე.წ სოკოს) მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს შენობის საინჟინრო ქსელების მოწყობას: წყალსადენ-კანალიზაცია, ელექტრობა, სუსტ დენიანი სისტემა, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია და ა.შ.”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.