წყალტუბოში იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

 

წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

როგორც “რეგიონულ კვირას” იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ერემეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი – გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი – ცოტნე ზურაბიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – პაატა ახალაძე და რეგიონის საბანკო დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, რომელიც დამსახურებული ბანკირის რევაზ რობაქიძის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, მოეწყო ფოტო და ნუმიზმატთა გამოფენები, ისაუბრეს წარმატებული ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის ქართულ საბანკო სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილზე, მის მიერ შემუშავებულ ფულის ნიშნებსა და რეფორმებზე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სოფელ ჩუნეშში მცხოვრებ წარმატებულ სტუდენტებს, ასევე ნუმიზმატთა კავშირის ერთერთ დამფუძნებელს, გურამ ფილიპაშვილს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის – გრიგოლ იოსელიანის თხოვნის გათვალისწინებით, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადაეცა და როგორც აღინიშნა, ამიერიდან სახლ-მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება პირველი ბანკირის, იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლს გაეცნოს და იხილოს ის ნივთები, რომლებშიც ქართული ეროვნული ვალუტა “ლარი” ინახებოდა.

“ფიცის კაცების” ღირსეული შთამომავლების ნიკო და იასონ ლორთქიფანიძეების მამულში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი ქართული სიმღერა “ღვინოვ კახურო” ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების მომღერალმა აკაკი იოსელიანმა შეასრულა. სტუმრებმა სახელმწიფო ბანკის პირველი თავმჯდომარის იასონ ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიების გამართვის ინიციატორსა და ორგანიზატორს რევაზ რობაქიძეს მადლობა გადაუხადეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები