თეა ახვლედიანმა კახეთის რეგიონში შეხვედრები გამართა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კახეთში იმყოფებოდა და თელავში რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, განიხილეს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არსებული საჭიროებები და ხედვები. სახელმწიფო მინისტრი პანკისის ხეობაში გაემგზავრა და სოფელ დუისის კულტურის სახლში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ შორის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს, პედაგოგებს, ახალგზარდებს და სამოქალაქო აქტივისტებს.
სახელმწიფო მინისტრმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკისთან დაკავშირებული ხედვა გააცნო და მათი ინიციატივებითა და მოსაზრებებით დაინტერესდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრი უხუცესთა საბჭოს წევრებთან ერთად პანკისის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.

„კახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის რანგში ჩემი პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან ვიმსჯელეთ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პროცესზე, განვიხილეთ ამ კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროებები. სწორედ ამ მიზნით, ასევე ვეწვიე პანკისის ხეობას, სადაც ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის უხუცესებთან, ქალთა საბჭოს წევრებთან, ახალგაზრდებთან, პედაგოგებთან. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აზრთა ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ახალი სტრატეგიის შემუშავების პირველ, მიმდინარე ეტაპზე. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამგვარ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, როგორც კახეთის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა შესაბამის რეგიონებში“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები