საქართველოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ თანამშრომლების უფლებების დარღვევა დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების: თეონა თურმანიძის, მალხაზ რეხვიაშვილის, სოფიო ჟღენტისა და თეონა ხარაბაძის შრომითი უფლებების შესაძლო დარღვევასა და მათ მიმართ განსხვავებული შეხედულებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები შეისწავლა. გამოიკვეთა, რომ ადგილი აქვს განმცხადებლების უფლებების დარღვევას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
,,საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და მოახდინოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა; მომავალში, ნებისმიერი სახის საკადრო თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს აღნიშნული პროცედურების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა განუხრელი დაცვა და იმ დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფა, რომელთა უფლება-მოვალეობებზეც მსგავსი გადაწყვეტილებები ახდენენ გავლენას; ბათილად ცნოს გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქუთაისში და უზრუნველყოს იგი სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები